კვირიდან-კვირამდე - კვირის პალიტრა

კვირიდან-კვირამდე

საქართველოს პრეზიდენტი ტელეეთერში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობდა ტელეპროექტში - "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს" და სამი საათის განმავლობაში პასუხობდა მოსახლეობას. მისი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სპეციალურ ცენტრში 11 ათასამდე შეკითხვა შევიდა, პრეზიდენტმა ასამდე შეკითხვას უპასუხა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უმუშევრობის აღმოფხვრის თარიღად 2012 წელი დაასახელა და აღნიშნა, რომ მას არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ დავიწყებია.

ევროპას საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე მომხსენებელი აღარ ეყოლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ამიერიდან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ მომხსენებლები აღარ ეყოლება. კომიტეტის ხელმძღვანელ დიკ მარტის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სპეციალურმა მომხსენებელმა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში იმუშაოს და ქვეყნებში შექმნილ ვითარებას თვალყური მიადევნოს.

"პრობლემის მოგვარების გზა ვერ გამოვნახეთ. ეს იქნებოდა სასწაული, ამ სფეროში კი სასწაულები არ ხდება, - განმარტა მარტიმ და დასძინა, - მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალ სივრცეებს ვხედავ. სიტუაცია მეტად რთულია, მაგრამ საკითხის განხილვის სწორი მიმართულება გამოვნახეთ".

KvirisPalitra.Geილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კენტერბერიის არქიეპისკოპოს უილიამსის მიწვევით 4 თებერვალს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება, სადაც 15 თებერვლამდე დარჩება.

დაგეგმილია მისი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან, ანგლოსაქსური ეკლესიის ხელმძღვანელსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ილია მეორე ლონდონში ქართულ ტაძარსაც აკურთხებს.

KvirisPalitra.Geპატრიარქის ფონდს ჟვანია უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურ მენეჯერად ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია დაინიშნა. მისი განცხადებით, მას ამ თანამდებობაზე მუშაობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შესთავაზა. ფონდი უკვე დაწყებული პროექტების განხორციელებას გააგრძელებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფესტივალი - "აღდგომიდან ამაღლებამდე". ამასთანავე, გაგრძელდება სხვა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა და სამეცნიერო წრეებთან აქტიური თანამშრომლობა. ლაშა ჟვანიამ ამ თანამდებობაზე ირაკლი ქადაგიშვილი შეცვალა.

KvirisPalitra.GeHuman Rights Watch-მა საქართველო გააკრიტიკა

საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ყოველწლიურ დასკვნაში საქართველოს 30 გვერდი მიუძღვნა, სადაც რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება არის გაკრიტიკებული. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიძია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და ოპოზიციური აქციების დარბევის სხვა ფაქტები.

ანგარიშში მედიაგარემოზეცაა ყურადღება გამახვილებული, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პრესა მრავალფეროვანია, თუმცა ნაციონალური ტელეკომპანიები ხელისუფლების მხარდამჭერებად რჩებიან. ანგარიშში ჟურნალისტებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზეცაა საუბარი. Human Rights Watch მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილებს ვერ შესთავაზა ალტერნატიული და ადეკვატური საცხოვრებელი ფართობები. ერთ-ერთ პრობლემად გადავსებული ციხეები და სასამართლოების არალიბერალიზმიცაა დასახელებული.

საქართველოს მთავრობა ელექტრომობილებზე გადაჯდება

საქართველოს მთავრობა 2011 წელს 1000-მდე ელექტრომობილს შეიძენს. პროგრამის სახელწოდება, სავარაუდოდ, "მწვანე საქართველო" იქნება. ქართულ მხარეს სურს, რომ ელექტრომობილები საქართველოში აიწყოს, შესაბამისი ბიზნესი განვითარდეს და უმუშევართა რაოდენობა შემცირდეს. ამ საკითხში ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

KvirisPalitra.Geფრანგი ინჟინერი არასრულწლოვანმა მოკლა

სასტუმრო"ქორთიარდ მერიოტში" ფრანგული კომპანია "სისტრას" ინჟინერი შტეფან კოჰი მოკლეს. პარიზელი კოჰი თბილისში მარშრუტების რეგულაციაზე მუშაობდა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. მოგვიანებით, საქართველოს შსს-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავა. მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ფრანგი კამათისას, მისივე ნომერში მოკლა.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა კოჰს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, აიღო სამი მობილური ტელეფონი, პორტატიული კომპიუტერი და სასტუმროს დაცვას ფანჯრიდან გაექცა. პოლიციელებმა ის საკუთარ სახლში აიყვანეს. 26 წლის კოჰი საფრანგეთში გადაასვენეს. ვრცელდება ხმები გარდაცვლილის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ.

KvirisPalitra.Geაფეთქებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 22 იანვარს მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები - მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ედემ სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი დევდარიანი. ისინი უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ გარდაცვლილი და დაზარალებული მაღაროელებისა.

პროკურატურის ვერსიით, ეჭვმიტანილებმა დადგენილი უსაფრთხოების წესების გვერდის ავლით გასცეს ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოების ბრძანება, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მაღაროელი, ხოლო ოთხმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო. მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სტურუას და დევდარიანის დაკავებას ტყიბულის მაღაროს თანამშრომლების გაფიცვა მოჰყვა.

გაფიცულების მტკიცებით, მომხდარში დამნაშავე თვითონ მაღაროელები არიან და ზემოხსენებულ პირებს ტრაგედიაში ბრალი არ მიუძღვით. მოგვიანებით მაღაროელებმა მუშაობა გააგრძელეს, თუმცა განაცხადეს, რომ პერმანენტულ გაფიცვებს მოაწყობენ (ვრცლად იხ. გვ. 5).

ბიზნესომბუდსმენად გიორგი პერტაია დაინიშნა

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მრჩეველი გიორგი პერტაია დაინიშნა. პერტაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელებმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. პერტაიამ განაცხადა, - მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა დაცულ იქნეს ბიზნესმენთა უფლებები და მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კეთილგანწყობა დამყარდესო.

"ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები განსაზღვრულია კანონით, მისი დანიშვნა კი მთავრობის ახალი კურსის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია, შეიქმნას ისეთი პირობები, რაც გახდება ხიდი ბიზნესსა და მთავრობას შორის, გაუმჯობესდეს სერვისი და დაიხვეწოს კანონმდებლობა. მიზანი მიიღწევა მაშინ, როცა საქართველოში ბიზნესმენს ექნება შესაძლებლობა, დაგეგმოს საკუთარი ბიზნესი წლების განმავლობაში და როცა თავს დაცულად იგრძნობს", - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

KvirisPalitra.Geნოღაიდელმა ახალი პარტია დააარსა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ახალი პარტია "სამართლიანი საქართველო" დააარსა. შეგახსენებთ, რომ "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წევრებმა ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. ისინი ნოღაიდელისგან პროგრამა "კარდაკარის" დავალიანების გასტუმრებას და პარტიის ქონების გადაცემას მოითხოვენ. "სამართლიანი საქართველოსთვის" წევრების თქმით, მათ პარტიაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინეს და ყოფილ პრემიერს სასამართლოშიც უჩივლებენ.  თუმცა ნოღაიდელმა ახალი პარტიის პრეზენტაცია ძველი პოლიტორგანიზაციის ოფისში გამართა და ყოფილ თანაგუნდელებს ვანო მერაბიშვილის აგენტები უწოდა.

თბილისის ქუჩებს სახელები შეეცვალა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქში შვიდი ქუჩისთვის ახალი სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო: ანანურის ქუჩას ცნობილი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის სახელი ეწოდა. სახელწოდება შეეცვალა ვაკე-საბურთალოს რაიონში ბულაჩაურისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ბორჯომის ქუჩებს და მათ, მოსახლეობის თხოვნით, შესაბამისად, პოეტების - ანა კალანდაძისა და მურმან ლებანიძის სახელები მიენიჭათ.

ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას ფოლკლორისტ შალვა ჯაფარიძის სახელი დაერქვა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივით კომისიას კინომსახიობთა თეატრის დასმა მიმართა. საკრებულომ სახელი დიდგორის რაიონში შინდისის სამ ქუჩასაც შეუცვალა და მათ ეკატერინე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და წინანაურის სახელები ეწოდა.

საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლაა

საქართველოსა და ირანს შორის უკვე ამოქმედდა უვიზო რეჟიმი.  საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობების 2010 წლის 3 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, 2011 წლის 26 იანვრიდან ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორდინარული პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისათვის. შეთანხმების შესაბამისად, თითოეული მხარის მოქალაქე მეორე მხარის ტერიტორიაზე მრავალჯერადი შესვლის უფლებით ისარგებლებს.

გარდა ამისა, მოქალაქეებს ტერიტორიიდან გასვლა და საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით ტრანზიტისა და მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებით ყოფნა შეეძლებათ. თითოეული მხარის მოქალაქე მეორე მხარის ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე ყოფნის უფლებით ისარგებლებს.

KvirisPalitra.Geტერაქტი დომოდედოვოში

24 იანვარს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი აეროპორტის საერთაშორისო ზონის მოსაცდელ დარბაზში აიფეთქა. აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორისაა რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველიც, გვარად ლომჟარიძე. რუსეთის პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა. ტერაქტში ეჭვმიტანილია 20 წლის ჩრდილოკავკასიელი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. ძებნა გამოცხადდა რუს ვიტალი რაზდობუდკოზეც, რომელმაც ისლამი მიიღო და სტავროპოლში ვაჰაბიტურ იატაკქვეშა ორგანიზაციასთან იყო დაკავშირებული.

KvirisPalitra.Geეგვიპტის რევოლუცია?!

25 იანვარს ეგვიპტეში საპროტესტო აქციები დაიწყო - მოსახლეობა უმუშევრობას  და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა. მანიფესტანტების ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა იყო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების დაშლა სცადა. შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ათასზე მეტი კი დაშავდა. დემონსტრანტებმა ეგვიპტის მსხვილ ქალაქებში მმართველი დემოკრატიული პარტიის ოფისები გადაწვეს, რასაც ლამის ალექსანდრიის უნიკალური ბიბლიოთეკა შეეწირა.

ქვეყანაში დაბრუნდა მაგათეს ყოფილი ხელმძღვანელი მოჰამედ ელ-ბარადეი, რომელიც რევოლუციის ლიდერად მიიჩნევა. ხელისუფლებამ მას შიდაპატიმრობა მიუსაჯა. ამან საპროტესტო ტალღის გაძლიერება გამოიწვია. ეგვიპტის პრეზიდენტი მუბარაქი იძულებული გახდა, დაეთხოვა მთავრობა და განეცხადებინა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდება. საქართველოს საგარეო უწყება ურჩევს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ეგვიპტეში გამგზავრებისგან.

მღელვარებაა იემენში და იორდანიაშიც

ტუნისისა და ეგვიპტის შემდეგ, მღელვარება დაიწყო იემენში და იორდანიაშიც. იემენის დედაქალაქ სანაში ათასობით ადამიანი პრეზიდენტ ალი აბდალა სალეხის გადადგომას მოითხოვს, რომელიც 20 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას. იემენში უმუშევრობას ნავთობისა და წყლის მარაგის შემცირებაც ემატება. 23-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარი დღეში 2 დოლარს გამოიმუშავებს, მესამედი კი შიმშილობს. ანალოგიური საპროტესტო აქციებია იორდანიის დედაქალაქ ამანში. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ სამირ რიფაის გადადგომას და კორუფციაში ჩაფლულ ჩინოსანთა დასჯას მოითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებია ალჟირში და სირიაში.

სენატორს მოძალადეების კასტრირება სურს

რესპუბლიკელი სენატორი ვირჯინიის შტატიდან ემეტ ჰანგერი სექსუალური მოძალადეების კასტრირების ინიციატივით გამოდის. სენატორი შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს, სადაც სექსუალური მოძალადეებისთვის  ციხეში სასჯელის მოხდის ალტერნატივად კასტრირება და შემდეგ გარკვეული ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო კურსის გავლა იქნება გათვალისწინებული. ცნობისთვის: მსგავს შეთავაზებას 2004 წელს აშშ-ში ვეტო ერთხელ უკვე დაადეს.