საქართველოში სასიკვდილო "ნიანგი" გამოჩნდა - კვირის პალიტრა

საქართველოში სასიკვდილო "ნიანგი" გამოჩნდა

საქართველოში კუსტარულად დამზადებული ახალი სახის ნარკოტიკი ე.წ. "ნიანგი" გამოჩნდა, რომელიც აფთიაქში ხელმისაწვდომი პრეპარატებისგან მზადდება.

"ნიანგის" დამზადებისას პრეპარატებთან ერთად ტოქსიკური ნარევი "კროტიც" გამოიყენება, რომელიც კანალიზაციის სისტემის გასაწმენდად მოიხმარება. "ნიანგის" ხელმისაწვდომობის გამო მომხმარებლები ძირითადად მოზარდები და ქალები არიან.

ნარკოტიკს "ნიანგი" იმიტომ ეწოდა, რომ მისი გამოყენების შემდეგ ადამიანის კანი წყლულდება და თანდათან ემსგავსება ნიანგის კანს. ოპიატების ჯგუფის სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, "ნიანგი" გაცილებით ადრე იწვევს მასზე დამოკიდებულებას და აჩქარებს ლეტალურ შედეგს. აქამდე გავრცელებული კუსტარული ამფეტამინებისგან - "ვინტისა" და "ჯეფისგან" განსხვავებით, "ნიანგი" უფრო სწრაფად იწვევს ზედოზირებას და დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკი გაცილებით მაღალია. მეტიც, შესაძლოა, ყოველი ზედოზირება სიკვდილის დადგომით დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება პრეპარატი "ნალოქსინი", რომელიც ზედოზირების შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტს წარმოადგენს.