"მე მალე ჩავალ აფხაზეთში" - კვირის პალიტრა

"მე მალე ჩავალ აფხაზეთში"

"მე მალე ჩავალ აფხაზეთში, როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "ბი-ბი-სი"ს რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პატრიარქი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც ის დედოფალ ელისაბედ მეორესაც შეხვდა. "ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზეც და ცხინვალზეც. ამას ცნობს რუსული ეკლესიაც. 11 წელი ვიყავი მიტროპოლიტი სოხუმისა და აფხაზეთის, ამიტომ ეს ჩემთვის ახლობელი ეპარქიაა. მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს", - აღნიშნა პატრიარქმა. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ რუსული ეკლესია დაეხმარება საქართველოს საპატრიარქოს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემის მოგვარებაში.

"მე არაერთხელ ვუთხარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რად გინდათ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალი, თუ დაკარგავთ საქართველოსთან მეგობრობას. საქართველომ კარგად იცის, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა, მაგრამ რუსეთი მხარს უჭერს სეპარატიზმს იმ დროს, როცა თავის ქვეყანაში ებრძვის სეპარატიზმს", -  ბრძანა ილია მეორემ. Uუწმინდესმა ელისაბედ მეორესთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. "ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მან მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი. საქართველო უდიდეს პატივს სცემს მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის დედოფალს", - ბრძანა  ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პატარა ქვეყნებმა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, კულტურა და დიდმა სახელმწიფოებმა პატარა ქვეყნების კულტურა არ გადაყლაპონ.