პარლამენტში უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტი განიხილეს - კვირის პალიტრა

პარლამენტში უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტი განიხილეს

საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის პირველადი ვარიანტი განიხილეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საფრთხე რუსეთისგან ემუქრება. ასევე, კონცეფციის პროექტში პირველად მოხვდა ტერორიზმის საფრთხეც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩრდილო კავკასიას, იქ შექმნილ ვითარებას და ამ რეგიონში არსებული კონფლიქტის საქართველოზე ზეგავლენას. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო რჩება უნივერსალური დემოკრატიის ქვეყნად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია აშშ-თან, ნატოსთან, ევროკავშირთან, ეუთოსთან, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.

ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად დასახულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარება. შენიშვნები ოპოზიციამაც გამოთქვა. კერძოდ, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ კონცეფციაში ქვეყნისთვის მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა მოითხოვა. თავიანთი მოსაზრებები წარადგინეს "ახალმა მემარჯვენეებმა" და რესპუბლიკელებმა, თუმცა მათ საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობა არ მიუღიათ.