უგანდის პრეზიდენტი ოპონენტს შეჭმით ემუქრება - კვირის პალიტრა

უგანდის პრეზიდენტი ოპონენტს შეჭმით ემუქრება

უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი  პოლიტიკურ ოპონენტ კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, შეჭმით დაემუქრა.

ამის შესახებ "ასოშეიტედ პრესი" იუწყება. "ჩვენ მას დავიჭერთ და ისე შევახრამუნებთ, როგორც ნამცხვარს", - განაცხადა მუსევენიმ. უგანდაში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები 20 თებერვალს გამოცხადდა. არჩევნებში ხმათა 68 პროცენტით გაიმარჯვა მუსევენიმ, ბესიჯეს კი მხარი 26-მა პროცენტმა დაუჭირა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბესიჯემ ხალხს მიმართა და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა. მან უგანდელებს  პრეზიდენტის ჩამოგდებისა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მუქარას - კანიბალიზმი უგანდის პოლიტიკაში სიახლე არ არის. ყველაზე ცნობილი კანიბალი პრეზიდენტი ადი ამინი იყო, რომელიც ქვეყანას გასული საუკუნის 70-იან წლებში მართავდა. ამინს, რომელიც პირსისხლიან დიქტატორად მიიჩნეოდა, რეგულარულად კვებავდნენ ადამიანის ხორცით, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტებისგან დამზადებული კერძები მოსწონდა.