სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

მერიის მიერ ჩატარებული სამარშრუტო ტენდერის შედეგებით აღშფოთებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 15 მარტიდან ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მათ  ყოველდღიურ გადასახადს 5-დან 20-40 ლარამდე გაუზრდიან,

რასაც მოჰყვება მგზავრობის საფასურის 50 თეთრიდან 70 თეთრამდე გაძვირება. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ტენდერში გამარჯვებული ოთხივე კომპანია რეალურად ერთი ფირმაა და მის უკან თბილისის მერი გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილის ჯგუფელი დგანან.  მძღოლების გაფიცვამ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. მგზავრთა ნაკადის სიჭარბის გამო გადაიტვირთა მუნიციპალური ავტობუსები და მეტროპოლიტენი.

ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანია "თბილლაინის" ხელმძღვანელების თქმით, მძღოლები მოატყუეს - მათ გადასახადი არ გაეზრდებათ. საპროტესტო აქციების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულიგნობის ბრალდებით 8 მძღოლი დააკავეს. დედაქალაქის მერიამ თბილისში სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი დეკემბერში გამოაცხადა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანიებმა - "თბილქარი", "თბილლაინი", "ფაბლიქქარი" და "კაპიტალ გრუპი".