ცხინვალში ქართული წიგნები დაწვეს - კვირის პალიტრა

ცხინვალში ქართული წიგნები დაწვეს

ცხინვალში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ქართული წიგნები დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა დმიტრი სტაროსტინმა გამოაქვეყნა.

როგორც ჟურნალისტი იუწყება, ცხინვალის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ეზოში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნები სამხედროებმა გამოიტანეს და კოცონში ჩაყარეს. შესაბამისი ბრძანება ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კოკოევმა გასცა.

ყოფილი საველე მეთაურის, გაზეთ "21-ე საუკუნის" რედაქტორ თემურ ცხოვრებოვის განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე წიგნის გადარჩენა მოასწრეს.

"მინდა, ვკითხო კოკოევს, - რუსეთიდან წიგნების საზეიმოდ ჩამოტანის წინ ადგილის გათავისუფლება უნდა? დამწვარი წიგნების 30% ქართული იყო. მე ქართველებს ვებრძოდი და ვესროდი, მაგრამ რა შუაშია ლიტერატურა? დარწმუნებული ვარ, ამ ბარბაროსული აქციის საქმის კურსში ჩვენი განათლების მინისტრიც იყო", - განაცხადა ცხოვრებოვმა.

"ის, რომ ჩვენ წიგნები დავწვით, თუნდაც არასაჭირო, სიცრუეა. ზედმეტი წიგნები დროებით ბიბლიოთეკის ეზოში დავაწყვეთ, ვიდრე არ გადაწყდება, სად წავიღოთ"", - განაცხადა ცხინვალის უნივერსიტეტის რექტორმა თეიმურაზ კოკოევმა. როგორც ცნობილია, ცხინვალის ბიბლიოთეკებისთვის წიგნებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, სხვადასხვა უწყებასა და რეგიონში აგროვებენ. წიგნების ჩატანა რუსეთიდან ცხინვალში საზეიმოდ, "გამარჯვების აღლუმზე" - 20 სექტემბერს იყო დაგეგმილი.