პატრიარქმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დიალოგისკენ მოუწოდა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დიალოგისკენ მოუწოდა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-მთიანეთის ეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II რუსეთსა და საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს და მიუთითებს,რომ დიალოგის არარსებობა ერთმანეთის მიმართ უნდობლობასა და ეჭვს იწვევს, რაც ხელს უშლის პრობლემების მოგვარებას. "გადაუჭრელი კონფლიქტებისა და პრობლემების გამო კავკასიაში რთული ვითარებაა, რასაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო დონეზე დიალოგის არარსებობა.

მივმართავ ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ სიბრძნე, სიმამაცე და დაიწყონ დიალოგი სხვადასხვა დონეზე, რათა განიხილონ და მოაგვარონ დაგროვილი რთული საკითხები.

ჩვენ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რათა არ დავუშვათ ნეგატიური პროცესების შენარჩუნება და გაღრმავება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ვუცქიროთ მომავალს ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების ინტერესთა გათვალისწინებით. უნდა გვახსოვდეს ბრძნული სიტყვები: "სანამ ამომავალ მზეს დაინახავდე, ხედავ შენს მეზობელს". მტრული დამოკიდებულების გაგრძელება მეზობლებს შორის დაუშვებელია!", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.