ლიბიაში დატყვევებულმა ქართველმა მეზღვაურებმა გაქცევა მოახერხეს - კვირის პალიტრა

ლიბიაში დატყვევებულმა ქართველმა მეზღვაურებმა გაქცევა მოახერხეს

ლიბიის ქალაქ მისურატაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა გაქცევა მოახერხეს. "ლიბიიდან გემით გამოვიპარეთ. მალტას ვუახლოვდებით. ყველანი კარგად ვართ" - ამ შინაარსის მოკლე-ტექსტური შეტყობინება მანანა ამბალიამ მეუღლისგან, გემის კაპიტან ივერი ყურაშვილისგან 9 მარტს, ღამით მიიღო.

გემზე საკომუნიკაციო სისტემები მოშლილი იყო. მეზღვაურებმა პორტიდან გემის გამოყვანა  და მთვარესა და ვარსკვლავებზე დაკვირვებით მართვა მოახერხეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლიბიის ქალაქ მისურატას პორტიდან გამოპარული ქართველი მეზღვაურები უკვე მალტის პორტ ვალეტაში იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით, საქმის კურსშია საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაც.

ლიბიაში ექვსი ქართველი მეზღვაური თითქმის 10 თვე იყო დაკავებული. საქართველოს დროშით მცურავი გემი 10 თვის წინ თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან გავიდა და გეზი ლიბიისკენ აიღო. სამშენებლო მასალით დატვირთულ გემს ტვირთმფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდებოდა. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. ტვირთის მფლობელსა და გემის მფლობელს შორის დავა დღემდე გრძელდება, თავად გემი დაკავებული იყო.