უბედურება, რომელსაც გადავურჩით - კვირის პალიტრა

უბედურება, რომელსაც გადავურჩით

თბილისში, ქსნის ქუჩაზე, ავტობუსი, რომელშიც 45-ე საჯარო სკოლის 60-მდე მოსწავლე იჯდა, ავტოგასამართ სადგურს შეეჯახა. საბედნიეროდ, ბავშვები მხოლოდ მსუბუქად დაშავდნენ.

ავტობუსს გზა მიკროავტობუსმა ჩაუჭრა და მძღოლმა მანქანა ბორდიურზე აიყვანა. მას მანევრირებისთვის მცირე სივრცე რჩებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა გზაზე დაბრუნება "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის გავლით, რომელიც ცარიელი იყო. თუმცა ავტობუსმა უკანა ნაწილი მოიქნია და მრავალტონიანი მანქანა ბენზინის ერთ-ერთ ჯიხურს შეეჯახა.

"ვისოლის" წარმომადგენლების თქმით, ოდნავი ბიძგის შემთხვევაშიც კი, სადგურს ავტომატურად უწყდება საწვავის მიწოდება და შესაბამისად, აფეთქება გამორიცხული იყო. ექსპერტების თქმით კი, რომელიმე ბენზინის ჯიხური დაკავებული რომ ყოფილიყო, ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა.