ქართველი მეზღვაურების თავგადასავალი სრულდება - კვირის პალიტრა

ქართველი მეზღვაურების თავგადასავალი სრულდება

ლიბიიდან გაქცეული ექვსი ქართველი მეზღვაური, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მალტის პორტ ლა-ვალეტაში შესვლის უფლება მიიღეს, უსაფრთხოდ არიან.

მეზღვაურებს უკვე შეხვდნენ ქართველი დიპლომატები. გავრცელებული ინფორმაციით, გემი, "ვასილიოს N", რომელიც ერთ-ერთ იტალიურ კომპანიას ეკუთვნის, აუქციონზე გაიყიდება და მეზღვაურებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურდებათ.

მათ უფლებებს ადვოკატი და საერთაშორისო სანაოსნო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ სამშენებლო მასალით დატვირთული გემი "ვასილიოს N" 10 თვის წინ თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან გავიდა და გეზი ლიბიისკენ აიღო. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის ნაწილი დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. ტვირთმფლობელსა და გემმფლობელს შორის დავა დღემდე გრძელდება. გემი ლიბიაში დაკავებული იყო, მაგრამ ეკიპაჟმა ლიბიის ქალაქ მისრათიდან გაქცევა მოახერხა და მალტაში ჩავიდა.