ნატოს ასამბლეის ხელმძღვანელმა რუსთაველის აფორიზმი მოიშველია - კვირის პალიტრა

ნატოს ასამბლეის ხელმძღვანელმა რუსთაველის აფორიზმი მოიშველია

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი - "კავკასია გლობალურ ჭრილში: საქართველოს პერსპექტივები და საერთაშორისო ფსონები".

როგორც სემინარის გახსნისას საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კარლ ლამერსმა აღნიშნა, წელს მან სრულიად ახალი საქართველო დაინახა, რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია. აშკარად ჩანს, რომ ქვეყანა დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, კორუფციას ებრძვის და ნატოში გაწევრებისთვისაც არ იშურებს ძალისხმევას. თუმც, კარლ ლამერსის თქმით, ქვეყანაში კვლავაც არის პრობლემები.

კერძოდ, ლაპარაკია აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ კონფლიქტებზე.„"ჩვენ დავგმეთ საქართველოში რუსეთის მიერ  ძალის არაპროპორციული გამოყენება და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, რუსეთს კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისაკენ მოვუწოდეთ. კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს", - განაცხადა კარლ ლამერსმა და საილუსტრაციოდ შოთა რუსთაველის აფორიზმი„"გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი" მოიყვანა.