ლიბიაში ომი გრძელდება - კვირის პალიტრა

ლიბიაში ომი გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური კოალიცია მუამარ კადაფის ჯარებს კვლავ დარტყმას აყენებს, ლიბიელი დიქტატორი არ ნებდება და შეტევაზეც კი გადავიდა, თუმც უშედეგოდ.

კადაფის ჯარებმა ჯერ ბენღაზის შეუტიეს, მაგრამ ვერ დაიკავეს. შემდეგ კი იერიში მიიტანეს აჯაბიაზე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბრძოლის ბედი დასავლურმა ავიაციამ გადაწყვიტა, რომელმაც კადაფის ჯარს უკან დაახევინა.

გადაწყდა, რომ ლიბიაში ოპერაციას ნატო უხელმძღვანელებს. ალიანსის ჯარებს კანადელი გენერალ-ლეიტენანტი კარლ ბუშარი უსარდლებს. კადაფის წინააღმდეგ არც სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გამორიცხავენ. ლიბიელმა დიქტატორმა კი ისლამურ სამყაროს მისი დროშის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა წინ აღუდგნენ "ქრისტიანულ შეთქმულებას" და მოიგერიონ "ჯვაროსნების" შეტევა.

ამერიკული ტელეკომპანიების ცნობით, კადაფი ცარიელ კუბოებს მარხავს იმის საილუსტრაციოდ, რომ დასავლური ავიაციის დარტყმების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლია. გავრცელებული ინფორმაციით, 19 მარტიდან, როდესაც დასავლეთმა კადაფიზე საჰაერო იერიში მიიტანა, დაახლოებით 120 კაცი დაიღუპა, 500 კი დაიჭრა.