"ჩვენ არ გვაქვს რუსებისთვის მისაყიდი ღვინო" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვაქვს რუსებისთვის მისაყიდი ღვინო"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებისათვის კრემლს ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკების გამართვა არ სურდა და ამ პრობლემის გადაწყვეტას ამერიკელების დახმარებით აპირებდა.

"მსმენია, რომ ზოგიერთი რუსი ამბობდა, ამისათვის საკმარისია ბაიდენმა სააკაშვილს დაურეკოს, დაარწმუნოს და გააჩუმოსო", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რუსი პოლიტიკოსები ამერიკელებს სთავაზობდნენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამართულიყო, ხოლო საქართველო პროექტის მხოლოდ ნაწილი ყოფილიყო.

სააკაშვილის თქმით, ობამას ადმინისტრაციამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და კრემლის წარმომადგენლებს უთხრა, რომ აშშ არ აპირებს იყოს მხარე რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებაში. "სწორედ ამის შემდეგ დასხდნენ რუსები მოლაპარაკების მაგიდასთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა და არაკონსტრუქციული უწოდა მოლაპარაკების პროცესში რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, რომლის თანახმადაც, მსო-ში გაწევრების მხარდაჭერის სანაცვლოდ, კრემლი მზად იყო ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზარი გაეხსნა.

"ჩვენ არა გვაქვს ზედმეტი, რუსებისთვის მისაყიდი ღვინო. ჩვენთვის ეს არ არის ვაჭრობის საგანი. საქართველოს საზღვრის და საბაჟო საკითხების გამჭვირვალობა ესაჭიროება", - დასძინა პრეზიდენტმა