იემენში კრიზისი გაღრმავდა - კვირის პალიტრა

იემენში კრიზისი გაღრმავდა

იემენის დედაქალაქ სანაში გრძელდება პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები.

პრეზიდენტმა მომხრეებს საპასუხო აქციების გამართვისაკენ მოუწოდა. სალეჰის მხარდამჭერები საბინის მოედანზე შეიკრიბნენ. მათ პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ის ხელისუფლებიდან ახალი არჩევნების შემდეგ წავა, რომელიც შესაძლოა 2013 წლამდე ჩატარდეს.

თუმცა ოპოზიციას არ სჯერა სალეჰისა და ზემოხსენებული განცხადება პოლიტიკურ მანევრად მონათლა. დაპირისპირებულ ბანაკებს შორის მოლაპარაკება ჩიხშია შესული. ოპოზიცია სალეჰის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს, რასაც პრეზიდენტი არ ეთანხმება. სალეჰის  პრეზიდენტობის 32-წლიანი მმართველობის დასრულების  მოთხოვნით გამართულ აქციებს შეტაკებები მოჰყვა, რასაც უამრავი დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.