ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი არ უნდა "მოკვდეს" - კვირის პალიტრა

ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი არ უნდა "მოკვდეს"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი არ უნდა მოკვდეს. "პოლიტიკური დიალოგი ქვეყანაში არ უნდა მოკვდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის გზა რჩება.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" გაშიშვლებული პოზიცია დავანახოთ", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სასურველია, მაისის ბოლოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებამ ნაყოფი გამოიღოს.

როგორც ალასანია აცხადებს, "რვიანი" დამატებით ინიციატივებს წარმოადგენს, რომელიც მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუწყობს ხელს, რადგან ,,რვიანის" მთავარი ამოცანა კონკრეტული შედეგის მიღებაა. "რვიანსა" და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის შესახებ.