დაპატიმრებები სასამართლოსთან - კვირის პალიტრა

დაპატიმრებები სასამართლოსთან

უზენაეს სასამართლოსთან "წინააღმდეგობის მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია, რომელშიც სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოძრაობის წევრებმა სასამართლოს კარი გვირგვინით "დავტირით სასამართლო ხელისუფლებას" შეამკეს. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ შენობას კვერცხებიც ესროლა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს 10 ადამიანი დააკავეს. "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელ გენადი კეკელიას 25-დღიანი პატიმრობა, ამავე მოძრაობის წევრს, ირაკლი ციკოლიას კი 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი თანაშემწის, ზვიად ხარებავას ძმას, გრიგოლ ხარებავას და "ქართული პარტიის" წარმომადგენელს, დავით კოჩიევს.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატ ადა მარშანიას, "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრ შოთა გლურჯიძეს, "ქართული პარტიის" წევრებს, ქეთევან გოგინაშვილს და თენგიზ ღლონტს, "თავისუფალი დემოკრატების" აქტივისტ გოჩა ჩხაიძეს, აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, მადონა გოგუას 400-400-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს (ვრცლად იხ. გვ. 29).