ხელისუფლება გაჩეჩილაძის თანაგუნდელების გადაბირებას ცდილობს? - კვირის პალიტრა

ხელისუფლება გაჩეჩილაძის თანაგუნდელების გადაბირებას ცდილობს?

"ქართული პარტიის" განცხადებით, ხელისუფლება მათ წარმომადგენლებს პარტიის დატოვების სანაცვლოდ მაღალ თანამდებობებსა და ჯილდოებს  ჰპირდება.

პარტიის წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მათი თანაგუნდელების გადაბირებას ცდილობს. მისი თქმით, "ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ამერიკაში მათ წარმომადგენელ ლევან ჩიკვაიძეს სპეციალური დავალებით "საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა" მიაკითხა და როსტომ ზაქარეიშვილად გაეცნო. ეს პირი ჩიკვაიძეს "ქართული პარტიიდან" და საერთოდ, ოპოზიციიდან წასვლის სანაცვლოდ, "გმირის" წოდებას და საქართველოს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას სთავაზობდა.

"ამ ჯილდოების მისაღებად ჩიკვაიძეს საჯაროდ, კამერის წინ უნდა წაეკითხა დალუქულ კონვერტში ჩადებული წერილი, რომელშიც ოპოზიციის, კერძოდ "ქართული პარტიის" "მიუღებელ გეგმებზე" იქნებოდა საუბარი.

ამის შემდეგ მას დააკავშირებდნენ ადამიანთან, რომელიც მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს და აირჩევდა სასურველ თანამდებობას. ლევან ჩიკვაიძემ დაუპატიჟებელ სტუმარს კარისკენ მიუთითა, რასაც უცნობის მხრიდან  მუქარა მოჰყვა. "საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა" ბინა მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა ჩიკვაიძემ პოლიციაში დარეკვა დააპირა", - აღნიშნა ხორგუანმა.