დიდ ხუთშაბათს სვეტიცხოველში მირონს აკურთხებენ - კვირის პალიტრა

დიდ ხუთშაბათს სვეტიცხოველში მირონს აკურთხებენ

დიდ ხუთშაბათს სვეტიცხოველში მირონს აკურთხებენ. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა.

16 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია  II მრევლს ლაზარეს აღდგინების შესახებ ესაუბრა.

უწმინდესმა იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართულ ენას სახარებაში ლაზარე ჰქვია. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ამაში უდიდესი საიდუმლოა დამარხული და როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე აღდგა, ისე აღდგება საქართველო და გაბრწყინდება.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი კვირის დიდ ორშაბათს სვეტიცხოველში დაიწყება მირონის ხარშვა, რომელიც 20-30 წელიწადში ერთხელ იხარშება. ასე რომ, ეს ისტორიული მოვლენაა. სვეტიცხოველში მირონს სამი დღის განმავლობაში მოხარშავენ, დიდ ხუთშაბათს კი მას წირვაზე აკურთხებენ.