ტერორისტებმა ბომბი ინტერნეტით შეიძინეს - კვირის პალიტრა

ტერორისტებმა ბომბი ინტერნეტით შეიძინეს

მინსკის ტერაქტში ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათ ასაფეთქებელი ნივთიერება ინტერნეტის საშუალებით შეიძინეს.

მათ სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენებაც მისცეს და მინსკის ბოლო ტერაქტის გარდა, 2005 წლის ვიტებსკისა და 2008 წლის მინსკის ტერაქტების ორგანიზებაც აღიარეს. ბელორუსი სამართალდამცავები ეჭვობდნენ, რომ საქმე მაღალი დონის ტერორისტულ დაჯგუფებასთან ჰქონდათ, თუმცა ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ მათი ეჭვი არ დადასტურდა.

დაკავებულთა შორისაა მინსკის მეტროსადგურში აფეთქების ერთ-ერთი უშუალო შემსრულებელი. ის 25 წლის მამაკაცია, რომელიც მოგვიანებით დააკავეს. ,,საშინელი ფაქტია, რომ ყველა ის არამზადა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ჩვეულებრივი სამუშაო კოლექტივის წევრი იყო, ზოგი ელექტრიკოსი, ზოგიც ხარატი. მათ, ალბათ, ჰყავდათ მეგობრები, კოლეგები და ჰქონდათ საკუთარი წრე", - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ტერაქტი მინსკში 11 აპრილს მოხდა, რომელსაც 13 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 190-ზე მეტი კი დაშავდა.