ჰოსნი მუბარაქს სიკვდილით დასჯიან? - კვირის პალიტრა

ჰოსნი მუბარაქს სიკვდილით დასჯიან?

ეგვიპტელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და მისი ორი ვაჟი იმის გასარკვევად დააპატიმრეს, თუ რა კავშირი ჰქონდათ მათ ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ასევე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების დარბევასთან.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, დაკითხვის დროს ჰოსნი მუბარაქს გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგაც შარმ-ელ-შეიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, გაყინულია მუბარაქისა და მისი შვილების საბანკო ანგარიშებიც. ეგვიპტის უშიშროების სამსახურის უფროსის, გენერალ-მაიორ მუჰამედ ალ-ქათიბის განცხადებით, ჰოსნი მუბარაქის ორივე ვაჟი პატიმრობაში გამოძიების დასრულებამდე დარჩება.

მუბარაქი და მისი ოჯახის წევრები ეჭვმიტანილები არიან უკანონო გზით გამდიდრებასა და კორუფციაში. სამართალდამცავები მუბარაქს წაუყენებენ ბრალდებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოც, რასაც ასობით ეგვიპტელის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუ მათ ყველა ბრალდება დაუმტკიცდათ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.