ევროსაბჭომ მეტი მედიაგამჭვირვალობა მოითხოვა - კვირის პალიტრა

ევროსაბჭომ მეტი მედიაგამჭვირვალობა მოითხოვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის საბოლოო ტექსტში, რომელიც რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხება, ტერმინი "ოკუპაცია" კვლავაც გამოყენებულია.

კერძოდ, მასში ჩაიწერა, რომ საქართველოს ტერიტორიები: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია. იქ კი, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები არიან განლაგებულნი, ადამიანის უფლებები ირღვევა. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების კანონიერი უფლება რეზოლუციით აღიარებულია. რუსული მხარე ცდილობდა, რეზოლუცია ტერმინ "ოკუპაციის" გარეშე მიეღოთ, მაგრამ ეს ინიციატივა მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზეც ჩავარდა და არც კენჭისყრაზე გავიდა.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროსაბჭო საქართველოს მიერ 2008 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ძირითადი მიმართულებების მონიტორინგი უნდა გააგრძელოს. აღნიშნულია ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვისა და ოპოზიციის როლის გაძლიერებისათვის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიჩნევენ, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები "ჯანსაღი დემოკრატიული გარემოს ლაკმუსის ქაღალდი" იქნება. ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკურ ნებას, რომელსაც ხელისუფლება იჩენს.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მედიაგარემო რეგიონისათვის სამაგალითოა, მაგრამ მედიის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ღონისძიებები კვლავაც გასატარებელია. აქვე ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს პრობლემა კვლავაც არსებობს.