"საქართველოს საგარეო ვალის პრობლემა მოეხსნება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს საგარეო ვალის პრობლემა მოეხსნება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, ევრობონდების გამოშვებით საქართველოს საგარეო ვალის პრობლემა მოეხსნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ ევრობონდების მორიგი ემისია განახორციელა. კერძოდ, მან ათწლიანი ევრობონდი გამოუშვა.

2013 წელს საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების საკმაოდ დიდი ვალი ჰქონდა გასასტუმრებელი. რეალურად, ეს ვალი გასტუმრებულია და მთავრობას ვალის პრობლემა 2021 წლამდე აღარ აქვს.

"საქართველოს მთავრობამ ევრობონდების გამოშვებით ის ვალი გამოისყიდა, რომელიც 2013 წლისათვის უნდა გადაეხადა. იმ თანხას, რომელიც მთავრობას 2021 წლისათვის ექნება გადასახდელი, თავისუფლად გაისტუმრებს ამ ვალის რესტრუქტურიზაციის ან მთლიანად გადახდის გზით", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

მისი თქმით, 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი 2008 წელს გამოშვებულზე შედარებით დაბალია. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 7,5-დან 6,9%-მდე შემცირდა. ნიკა გილაური ირწმუნება, რომ ევრობონდების გამოშვებით საქართველოსა და მისი მთავრობისადმი ინვესტორების ნდობა ამაღლდა.