ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" გაიხსნა - კვირის პალიტრა

ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" გაიხსნა

მუსიკის რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელიც ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების შერიგებასა და მეგობრობას ეძღვნება, 30 აპრილს  კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა და ამაღლების დღესასწაულამდე,  2 ივნისამდე გაგრძელდება.

ღონისძიება საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი გაიხსნა, რომელზეც ამერიკელმა პიანისტმა ვლადიმირ ფელცმანმა ბახის, ბეთჰოვენისა და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა. წლევანდელი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაა.

მეექვსე ფესტივალში 400-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან როგორც უცხოელი, ასევე საზღვარგარეთ და საქართველოში მოღვაწე ცნობილი ქართველი მუსიკოსები, ორკესტრები, ანსამბლები და საგუნდო კოლექტივები.  საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა აკაკი რამიშვილის ფონდ "ტრადიცია და ინოვაციასთან" ერთად მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დააარსა.