ამერიკელებმა საარჩევნო თემა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს - კვირის პალიტრა

ამერიკელებმა საარჩევნო თემა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს

საქართველოში ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა კეიდენაუს ვიზიტი შინაარსიანი იყო. ამერიკელი დიპლომატი შეხვდა როგორც ოპოზიციისა და ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ყურადღება საარჩევნო კოდექსის ცვლილების აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსზე მუშაობა წელს უნდა დასრულდეს, რადგან 2012-2013 წლებში საქართველოში არჩევნებია დაგეგმილი.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დასრულების კონკრეტულ ვადას, ამ საკითხზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ვერსიები განსხვავდება. კერძოდ, კეიდენაუსთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამერიკელები ახალ კოდექსს მაისის ბოლოსთვის ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამტკიცებენ, რომ პარტნიორი ქვეყანა საქართველოს კონკრეტულ ვადას არ უწესებს და გეგმისამებრ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე მუშაობა ოქტომბერში დასრულდება.