რუსთავში "სახალხო კრების" აქცია დაშალეს - კვირის პალიტრა

რუსთავში "სახალხო კრების" აქცია დაშალეს

პოლიციამ რუსთავში "სახალხო კრებისა" და მოძრაობა "არას" აქცია დაშალა, 12 აქტივისტი კი დააკავა.

"სახალხო კრების" ახალგაზრდული ფრთა და "არა" აქციას რუსთავის პოლიციის პირველი ქვეგანყოფილების  უფროსის, ვალერი დუღაშვილის სახლთან მართავდნენ, რომელსაც ისინი კორუფციაში ადანაშაულებდნენ.

აქციის მონაწილეების ცნობით, მათ შეუერთდათ უცნობი მამაკაცი, რომელმაც პოლიციელ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის 12 მონაწილე დააკავეს. "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის თქმით, ეს პოლიციის პროვოკაცია იყო. მისი აზრით, აქციის დარბევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი აგონიასა და ისტერიკაშია და ეშინია 21 მაისის, როდესაც "სახალხო კრება" ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს.