გაუფრთხილებლობა თუ თვითმკვლელობის მცდელობა? - კვირის პალიტრა

გაუფრთხილებლობა თუ თვითმკვლელობის მცდელობა?

შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა.

2 მაისს სანოძე რესტორან "პურის სახლში" იმყოფებოდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძის ქორწილი იყო, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეზე გათხოვდა. სანოძემ რესტორანი დაახლოებით, 04:00 საათზე დატოვა და შინ წავიდა. ის ოჯახთან ერთად წერეთლის გამზირზე ცხოვრობს.

მეზობლებს ღამით ყვირილი შემოესმათ, შემდეგ კი მძიმედ დაჭრილი სანოძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სანოძეს ტაბელური იარაღი გაუვარდა და თავის არეში დაიჭრა. თუმცა იმავე დღეს, სამართალდამცველები პირად საუბრებში აცხადებდნენ, - შესაძლოა, თვითმკვლელობა სცადაო. სანოძე ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი გირგვლიანის საქმეში ფიგურირებს. ადვოკატ შალვა შავგულიძის განმარტებით, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყება, სანოძეს მოწმის სტატუსით დაჰკითხავენ, მტკიცებულებების გამოკვეთის შემთხვევაში კი ბრალსაც წაუყენებენ.