ახალი სკანდალი ოპოზიციაში - კვირის პალიტრა

ახალი სკანდალი ოპოზიციაში

ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების მორიგი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ საზოგადოებას წამლავს.

ამ თემაზე "კავკასიის" ეთერში დებატებისთვის ერთმანეთს შეხვდნენ "ალიანსი საქართველოსთვის" ყოფილი წევრები, "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი და რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი. როგორც სუბარმა განაცხადა, 2010 წლის 30 მაისის არჩევნებამდე "ალიანსის" მაშინდელი ლიდერი ირაკლი ალასანია მიუნხენში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა და დაფინანსება სთხოვა. საპასუხოდ, უსუფაშვილმა სუბარს ნაძირალა უწოდა.

დაპირისპირებაში სხვა ყოფილი "ალიანსელებიც" ჩაერთვნენ. "ახალმა მემარჯვენეებმა" "ქართული პარტიის" ლიდერის განცხადებას სამარცხვინო უწოდეს, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი შეადარეს "შემოულაწუნე ბიჭს", რომელსაც ციციკორეც კი ვეღარ უშველის. თემის განვრცობა თავად "ქართულმა პარტიამ" არ ისურვა. სუბარმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ჰაერზე არ ლაპარაკობს.