საქართველო იმარჯვებს მშვიდობით - კვირის პალიტრა

საქართველო იმარჯვებს მშვიდობით

25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა აგვისტოს ომის, საქართველოს

წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან ერთად, შიდა პოლიტიკაზე და ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

მან თქვა, რომ ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის მიცემულ პირობებს,  დემოკრატიის გაძლიერებისა და რეფორმების მიმართულებით, რისთვისაც განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევაში ოფიციალური პირების დასჯას ითვალისწინებს. ასევე გატარდება კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას განსაზღვრავს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში გაზაფხულზე გამართულ ხანგრძლივ საპროტესტო აქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოპოზიციის დაახლოებით სამთვიანი პროტესტის შედეგად დედაქალაქის  მთავარი ქუჩის გადაკეტვაზე ხელისუფლების დუმილი ასახავს ღრმა პატივისცემას პლურალიზმისა და  გამოხატვის თავისუფლებისადმი. ოპოზიციის კონტროლირებად არხებს კი მიეცათ ლიცენზია ემუშავათ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მიხეილ სააკაშვილმა მთავარი აქცენტი კონფლიქტურ რეგიონებზე გააკეთა და განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს კულტურისა და ცივილიზაციის მშობელი ადგილია.

- ამას დრო სჭირდება, მაგრამ ერთ დღეს აფხაზეთი აუცილებლად იქნება ის, რაც იყო - ყველაზე მშვენიერი ადგილი საქართველოში! - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველო იმარჯვებს მშვიდობით და იგი გააგრძელებს ბრძოლას მისი მთავარი მიზნის მისაღწევად