საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში - კვირის პალიტრა

საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში

21 მაისს, როგორც იყო დაანონსებული, "სახალხო კრების" მომხრეები საქართველოს ორ ქალაქში შეიკრიბნენ - თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ბათუმში, ერას მოედანზე.

ორივე ქალაქში მომიტინგეები მოედნიდან პირდაპირი ეთერის მოთხოვნით ტელევიზიებისკენ გაემართნენ. ოღონდ ბათუმში, თბილისისგან განსხვავებით, ეს მაინცდამაინც მშვიდობიანად არ დამთავრებულა. “აჭარის ტელევიზიასთან მისულმა  მომიტინგეებმა  ტელევიზიის ხელმძღვანელობას 15 წუთი მისცეს მოსაფიქრებლად, რომ მათთვის პირდაპირი ეთერი დაეთმოთ.  შემდეგ, სახელისუფლებო არხების მტკიცებით, მომიტინგეებმა ტელევიზიის ფანჯრები ჩაამტვრიეს, "სახალხო კრების" თქმით კი, სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს მოულოდნელად დაესხა თავს. ასე იყო თუ ისე, ბათუმში აქცია დაარბიეს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა აჭარლებმა აქცია არ დაშალეს.

რაც შეეხება თბილისს, სანამ აქციის მონაწილეები მაუწყებელთან გადაინაცვლებდნენ, "სახალხო კრების" ლიდერებმა ხალხს სიტყვით მიმართეს. ნონა გაფრინდაშვილმა აქციის მონაწილეებს გააცნო მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომლის მიხედვითაც,  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს და პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

აქციის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადანაცვლების შემდეგ "პირველმა არხმა" ეთერში აქციის 5-5-წუთიანი პირდაპირი რეპორტაჟების გადაცემა დაიწყო, რამაც "სახალხო კრების" ხელმძღვანელები არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ 21 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, საპატრულო პოლიცია დედაქალაქში არ უშვებდა სატვირთო მანქანებს, ავტობუსებს კი საგულდაგულოდ ამოწმებდა. რუსთაველის გამზირიდან ნაგვის ურნები გაქრა.(?) გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე სიტუაცია იყო რეგიონებში, სადაც, "სახალხო კრების" მტკიცებით, მათი ასობით მომხრე დააკავეს და კრების აქტივისტებს ავტომობილები და მიკროავტობუსები წაართვეს (ვრცლად იხ. გვ. 7).