სისხლიანი 26 მაისი - კვირის პალიტრა

სისხლიანი 26 მაისი

საქართველოში 26 მაისი ტრაგიკულად დაიწყო. 25 მაისს კოსტავას ქუჩიდან "სახალხო კრების" აქციამ რუსთაველის პროსპექტზე გადაინაცვლა.მიტინგის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ. მათ მერიისგან აქციის გამართვის ნებართვა 25 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდათ. როდესაც ამ დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის აღლუმის დეტალური გეგმა გაავრცელა, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებდა.

25 მაისს, 00:00 საათზე, მერიის წარმომადგენელმა "სახალხო კრების" ლიდერებს გადასცა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც აქცია უკვე არასანქცირებული იყო. 00:15 საათზე მომიტინგეებისკენ წყლის ჭავლის მანქანებით სპეცრაზმი დაიძრა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო. თუმცა, თვითმხილველთა თქმით, ეს უფრო სადამსჯელო ოპერაცია, ადამიანებზე ნადირობა იყო, ვიდრე რუსთაველის პროსპექტის ცივილიზებულად გაწმენდა.

სპეცრაზმმა მომიტინგეები ალყაში მოაქცია ნაცვლად იმისა, რომ ხალხისთვის კორიდორები გაეხსნა. საჩვენებელ დასჯასთან ერთად, ალბათ, ხელისუფლებას იმისიც შეეშინდა, რომ მომიტინგეები სხვა ადგილას არ შეკრებილიყვნენ. ხელებშეკრულ ადამიანებს პირდაპირ ასფალტზე ყრიდნენ. უსწორდებოდნენ ყველას, მათ შორის - ჟურნალისტებსაც, რომელთაც ტელეკამერები დაუმტვრიეს და რამდენიმე მათგანი დააკავეს. ხალხის ნაწილმა თავი კინოთეატრ "რუსთაველს" შეაფარა. სპეცრაზმი მომიტინგეებს იქაც შეჰყვა და ცემა-ტყეპით გამოიყვანა.

ბოლო მონაცემებით, აქციის დაშლას ოთხი კაცი შეეწირა. რუსთაველის პროსპექტზე პოლიციელი ვლადიმირ მანსურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე დაიღუპნენ, 27 მაისს კი ორი მოქალაქის ცხედარი მეტრო "თავისუფლების მოედანთან" მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ისინი სახურავზე სპეცრაზმს ემალებოდნენ, სადაც დენმა დაარტყათ.

ერთ-ერთი მათგანია ნიკა კვინტრაძე, რომელსაც 26 მაისის შემდეგ ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებდნენ. ათეულობით დაკავებულთან ერთად, არიან დაკარგულებიც. დარბევა ჯერ დასრულებული არ იყო, რომ რუსთაველის პროსპექტზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და 26 მაისის ზეიმისთვის ქუჩის მოწესრიგება დაიწყეს.