კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" შეხვედრას გამართავს - კვირის პალიტრა

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" შეხვედრას გამართავს

სასტუმრო "რედისონში" შეხვედრას გამართავს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის", რომლის მიზანი 26 მაისის მოვლენების დროს მედიის წარმომადგენლებზე პოლიციის თავდასხმებზე რეაგირებაა.

მანამდე კოალიციის წევრებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც 26 მაისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.

"ჩვენს ჟურნალისტს დარეჯან პაატაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ხელკეტი დაარტყეს და გაზის კაფსულებს ფეხებში ესროდნენ. როდესაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა დაინახა, რომ ჟურნალისტი ყველაფერს ფლიპ-კამერაზე აფიქსირებდა, ყელში სწვდა და მოგუდვა დაუპირა. რა თქმა უნდა, ფლიპ-კამერა წაართვეს. კამერა დაუმტვრიეს ჩვენს ოპერატორს, ავთანდილ სურმავას.

ჩვენი ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა კი პოლიციამ დააკავა და ხელბორკილებით დიღმის სამმართველოში გადაიყვანა, სადაც ორი საათის განმავლობაში ჰყავდათ. გაათავისუფლეს მხოლოდ მაშინ, რაც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს დავურეკეთ. ეს შემთხვევა საზოგადოება "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" ანგარიშშიც მოხვდა.

საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი, რომელიც, ალბათ, ზემოხსენებულ ფაქტებზე მოახდენს რეაგირებას. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლებთან შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი იყო და კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს სამართლებრივი სახე მიეცემა", - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მთავარმა რედაქტორმა ბაია ცანავამ.

"რედისონში" დაგეგმილ შეხვედრაზე აჩვენებენ ფილმს, რომელშიც თავმოყრილია დაზარალებულ ჟურნალისტთა ნაამბობი. "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტების გარდა, პოლიციის "მზრუნველობა" იწვნიეს "ასავალ-დასავალის", "ნეტგაზეთის", "გურია-ნიუსისა" და სხვა გამოცემების რეპორტიორებმა. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლების განმარტებით, ჟურნალისტების უფლებებს რამდენიმე მიმართულებით დაიცავენ.

კერძოდ, დაზარალებული ჟურნალისტების საჩივრები პროკურატურაში შევა. სავარაუდოდ, შეხვედრისას მიიღებენ დოკუმენტსაც, რომელშიც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გამო მოთხოვნები იქნება ჩამოყალიბებული.

კოალიციის წევრები შეხვედრაზე საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებსაც იწვევენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა. საკითხის განხილვაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მიიღებენ.