პატრიარქს ქართველთა ურთიერთმიტევების იმედი აქვს - კვირის პალიტრა

პატრიარქს ქართველთა ურთიერთმიტევების იმედი აქვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქართველთა ურთიერთმიტევებისა და შენდობის იმედი აქვს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საბურთალოს ამაღლების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ქადაგებაში ბრძანა, რომ სიხარული სიყვარულისაგან გამოდის და თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, მას არც სიხარული აქვს.

ბოროტებას მხოლოდ სიყვარული კურნავს. უწმინდესმა ქადაგებისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ვერავითარი გარეშე და შინა მტერი ვერაფერს დააკლებს. "მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება. ქართველი ადამიანები შეუნდობენ ერთმანეთს. ჩვენ მალე გაბრაზება ვიცით, მაგრამ ქართველი ადამიანი მალე ივიწყებს იმ წყენას, რომელიც მიაყენეს. ამით ქართველი ადამიანი უფლის მონათესავეა" - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.