პატრიარქმა გარეგინ II მიიღო - კვირის პალიტრა

პატრიარქმა გარეგინ II მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო.

"სომხეთსა და საქართველოში სომხური და ქართული ეკლესიებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების, აგრეთვე, სადავო ეკლესიების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დაიწყება", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მიღებამდე კი ორი ეკლესიის წინამძღოლები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სომხური ეკლესიისთვის საქართველოში იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი დასვა. შესაბამისად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომხეთში არსებული ქართული ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი დააყენა.

საკითხის ასეთ განხილვაზე ორივე ეკლესიის წინამძღოლები შეთანხმდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველოში სადავო ეკლესიების თემაზე მეცნიერთა კომისიას მოიწვევს და დასძინა, რომ ეკლესიების კუთვნილების პრობლემები სომხეთშიც არის და ორ ქვეყანას შორის სამაგალითო ურთიერთობისთვის არ შეიძლება მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივი იყოს.  თავის მხრივ, მიღწეული შეთანხმების გამო მადლიერება გამოთქვა გარეგინ II-მ, რომლის თქმით, სომხეთში ქართულ თემს იურიდიული სტატუსის მისანიჭებლად პრობლემები არასდროს ჰქონია და მომავალშიც არ შეექმნება.