მთელი ოჯახი დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

მთელი ოჯახი დააჯარიმეს

"აგვისტოს 5 დღის" პრემიერის დაწყებამდე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისას, პოლიციამ დააკავა ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე და შვილი, მაია და ირინა ბათიაშვილები, ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა.

სასამართლოში პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ მაია და ირინა ბათიაშვილი რუსთაველის პროსპექტზე, გზის სავალ ნაწილზე იდგნენ და უწმაწურ სიტყვებს გაიძახოდნენ. ბათიაშვილების ადვოკატის ცნობით კი ბათიაშვილები ქაშუეთის ეკლესიასთან მაშინ დააკავეს, როდესაც მდუმარე აქციას უნდა შეერთებოდნენ.

სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ, მანდატურები დარბაზში არ უშვებდნენ ირაკლი ბათიაშვილს, რომელმაც კარზე ბრახუნი ატეხა. გაწევ-გამოწევის შემდეგ, ბათიაშვილიც დააკავეს. საბოლოოდ, მაია და ირინა ბათიაშვილებს 400-400-ლარიანი, ირაკლი ბათიაშვილს კი 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. ლაშა ჩხარტიშვილს ათდღიანი პატიმრობა მიესაჯა, თეონა ქარდავას კი 400-ლარიანი ჯარიმა.