"მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახური შევიდა - კვირის პალიტრა

"მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახური შევიდა

7 ივნისს შემოსავლების სამსახური "მედიაპალიტრის" ექვს შპს-ში ერთდროულად შევიდა. სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, შემოწმება გეგმური იყო. მათვე "მედიაპალიტრის" ექვსივე შპს-ში დატოვეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც დაიწყება გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ შ.პ.ს-ებში ინვენტარიზაცია მალე დასრულდებოდა და "მედიაპალიტრას" მუშაობაში ხელს არ შეუშლიდნენ. მათივე მტკიცებით, შემოწმება კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკავშირებით "მედიაპალიტრამ" განცხადება გაავრცელა: "მედიაპალიტრა" არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი, თუმცა ერთდროულად ექვს სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ეჭვს ბადებს  და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა მედიასახლზე ზეწოლისა.“"მედიაპალიტრის"ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა 8 ივნისს, დილით,  მაკონტროლებლების მუშაობის გამო შეფერხდა გაზეთების (ამ სტამბაში "მედიაპალიტრის" გამოცემების გარდა, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდება) დისტრიბუცია.

"მედიაპალიტრა" არის ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებას (ბეჭდური, ინტერნეტი, რადიო), ასევე მათი მუშაობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამსახურებს (პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნების გამომცემლობა, წიგნების მაღაზიათა ქსელი, ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანია და ა.შ.). "მედიაპლიტრის" სხვადასხვა სტრუქტურაში დღეისთვის დასაქმებულია ათასზე მეტი კაცი. "მედიაპალიტრა" მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციასა თუ ადამიანს, რომლებმაც გამოხატეს თანადგომა ჩვენ მიმართ".

8 ივნისს "მედიაპალიტრის" შენობასთან მხარდაჭერის გამოსახატავად უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი. აქ იყვნენ როგორც ტელევიზიის, ასევე პრესის წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს "მედიაპალიტრას" (ვრცლად იხ. გვ. 3, 4, 5, 6, 7).

11 ივნისს, საღამოს, "მედიაპალიტრის" ოთხ კომპანიაში ინვენტარიზაცია დასრულდა.