სანიკიძემ ბიწაძე ტყეში იპოვა - კვირის პალიტრა

სანიკიძემ ბიწაძე ტყეში იპოვა

"ეროვნული ფორუმის" ლიდერის გუბაზ სანიკიძის ცნობით, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე 26 მაისს დმანისის რაიონის ტყეში მარტო დატოვეს.

"26 მაისს, გამთენიისას, ვნახე ვიდეოკადრები, როგორ წაართვეს ნინო ბურჯანაძეს შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. რადგან მე და ნინო ბურჯანაძეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მეგობრობა გვაკავშირებს, საჭიროდ ჩავთვალე თანადგომა გამომეცხადებინა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ მითხრა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბადრი ბიწაძე ქვემო ქართლის ერთ-ერთ ტყეში, მარტო იყო. გადაწყდა, ბიწაძის წამოსაყვანად მე წავსულიყავი, რადგან ვიცოდი მისი მიახლოებითი ადგილსამყოფელი.

თენდებოდა, როდესაც ტყეში ვიპოვე. როგორც მისი ლაპარაკიდან გავიგე, მან თბილისი 26 მაისს მეგობრებთან ერთად თავისი ინიციატივით დატოვა, მაგრამ შემდეგ ისინი სამართალდამცველებმა გააჩერეს. მანქანა და მისი მეგობრები თან წაიყვანეს, ხოლო ბიწაძე ტყეში დატოვეს. მან თავად მითხრა, რომ ბოლნისში დარჩენა სურდა და ასეც მოვიქეცი", - განაცხადა სანიკიძემ.