რაზე შეთანხმდნენ პატრიარქები - კვირის პალიტრა

რაზე შეთანხმდნენ პატრიარქები

15 ივნისს დასრულდა საქართველოში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის ვიზიტი და ეს მართლაც ისტორიული ფაქტი იყო, რადგან 1894 წლის შემდეგ, როდესაც ჯავახეთს ხრიმიან აირიკი ესტუმრა, სომეხი სულიერი ლიდერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა.

მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და გარეგინ მეორის შეხვედრა იყო. როგორც სომხურ პრესაში დაიწერა, სომხეთის სულიერმა ლიდერმა საქართველოს პატრიარქთან საქართველოში სომხური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხები დასვა.

შესაბამისად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომხეთის კათოლიკოსისგან სომხეთში ქართული ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭება და იქ არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნების საკითხი დააყენა. ილია მეორემ ბრძანა, რომ საქართველოში სადავო ეკლესიების თემაზე მეცნიერთა კომისიას მოიწვევს. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიების კუთვნილებაზე პრობლემები სომხეთშიც არსებობს და ორ ქვეყანას შორის სამაგალითო ურთიერთობებისთვის არ შეიძლება, მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივი იყოს.

საბოლოოდ, ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის რაიმე ოფიციალური კომუნიკე არ გაფორმებულა, როგორც ამას სომხური მხარე ითხოვდა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.  მოგვიანებით გარეგინ მეორემ   თბილისისა და ერევნის მერებთან ერთად სომხური ეკლესიის ეზოში კულტურული ცენტრი გახსნა. როგორც თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, თბილისის კულტურის შემადგენელი ნაწილი და შემქმნელები სხვა ერებთან ერთად თბილისელი სომხებიც არიან. ვიზიტის ფარგლებში გარეგინ მეორე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა. ასევე ეწვია ახალქალაქს, ახალციხეს, ასპინძასა და ნინოწმინდას და იქაურ სომხურ ეკლესიებში წირვა აღავლინა.