"მედიაპალიტრაზე" პარლამენტშიც ისაუბრეს - კვირის პალიტრა

"მედიაპალიტრაზე" პარლამენტშიც ისაუბრეს

"მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის მიერ დაწყებულ შემოწმებას გამოხმაურება პარლამენტშიც მოჰყვა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, - ვიმედოვნებ, "მედიაპალიტრის" შემოწმების პროცესს პარლამენტი მონიტორინგს გაუწევს და ეცდება, არაჯანსაღი გარემო და სიტუაცია, რომელიც "მედიაპალიტრის" შემოწმებასთან დაკავშირებით შეიქმნა, მალე დასრულდეს.

თარგამაძემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ "მედიაპალიტრაში" დაწყებული პროცესები რაიმე პოლიტიკური მოტივით არ არის ნაკარნახები. თუმცა, - გიორგი თარგამაძის თქმით, - არსებობს უამრავი არგუმენტი და ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ამ საგამომცემლო სახლში მომუშავე ათასზე მეტი ადამიანი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის და რაც მთავარია, აუცილებელია, ქვეყანაში დაბალანსებული, ობიექტური მედიის ერთ-ერთ ძირითად წყაროს არ გაუჩნდეს ისეთი ტიპის საფრთხე, რომელიც ბოლო წლებში არაერთხელ განხორციელდა მედიის წარმომადგენლებზე.

უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ პროცესი სამართლიანად და გეგმაზომიერად ჩაივლის. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით კი, პრესის თავისუფლებას არავინ ემუქრება. "მთავარი ის არის, რომ ამ პროცესს არანაირი ფიზიკური შეფერხება არ მოჰყოლია და, კარგი იქნება, თუ ბევრი პოლიტიკოსი, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ამ პროცესის გარშემო არაჯანსაღი აჟიოტაჟის შექმნაში, "მედიაპალიტრის" ხელმძღვანელობისგან აიღებს მაგალითს, რომელთა კომენტარი  იყო სწორი, კორექტული და ისეთი, რომლის გაზიარებაც შეიძლება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.