გარეგინ II-ს, ალბათ, მეტი გამოცდილება სჭირდება - კვირის პალიტრა

გარეგინ II-ს, ალბათ, მეტი გამოცდილება სჭირდება

"საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, დაიჩაგროს ქართველი ერი და საქართველო", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ.

პატრიარქი ამ საკითხს საქართველოში სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ვიზიტზე ქადაგებისას შეეხო. "გარეგინ II ახალგაზრდაა და, ალბათ, მეტი გამოცდილება სჭირდება. ჭკვიანი კაცია, მაგრამ უნდა ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთოს, რაც არ გამოდის. ვუთხარი, რომ მე დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობს", - აღნიშნა ილია II-მ. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობას. "სომხებს სურთ, საქართველოში ტაძრები გახსნან.

ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ საქართველოში გაიხსნება სომხური ტაძრები, სომხეთშიც აუცილებლად უნდა გაიხსნას ქართული. საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, დაიჩაგროს ქართველი ერი და ქვეყანა", - აღნიშნა ილია II-მ. მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია მუდმივად მართავს დიალოგს ყველა ხალხთან და ამაზე უარს არასდროს ამბობს, მაგრამ "ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებას, კულტურას, სულიერებას". სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოში ვიზიტით 10-15 ივნისს იმყოფებოდა.