უმრავლესობის წინადადებები - კვირის პალიტრა

უმრავლესობის წინადადებები

საპარლამენტო უმრავლესობამ რამდენიმეთვიანი ეპოპეის შემდგომ ოპოზიციურ "რვიანს" საარჩევნო გარემოს თაობაზე თავისი წინადადებები შესთავაზა.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის 190, აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 პროპორციული სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან პარიტეტულ საწყისებზე. კომისიამ 2011 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2012 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიები. საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებული იქნება შემდეგი საკითხები:

საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200 ათასი ლარის ოდენობით იურიდიული პირებისათვის; საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის, მათ შორის 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად;

კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე. ასევე, ხელისუფლების წინადადებები ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის დროს მედიამონიტორინგის ჩატარებას და სხვა საკითხებს. "რვიანი" უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, მისაღებია თუ არა უმრავლესობის წინადადებები.