ღალატი თუ ფალსიფიკაცია?! - კვირის პალიტრა

ღალატი თუ ფალსიფიკაცია?!

"შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებული მალხაზ კაკაშვილი, თამაზ ბეგიაშვილი და ხვიჩა საბაშვილი აპრილის ბოლოს, ვლადიკავკაზში ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ", - აცხადებს შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი.

"როგორც მალხაზ კაკაშვილმა მითხრა, აპრილის ბოლოს თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ ზემო არცევში, სადაც დახვდათ ყოფილი სამხარეო პოლიციის უფროსი ხვიჩა საბაშვილი, რის მერეც ორ რუს ოფიცერთან ერთად "ვილისით" გადავიდნენ ვლადიკავკაზში", - აცხადებს საათაშვილი. მისივე თქმით, ისინი ვლადიკავკაზში, ერთ-ერთ შენობაში შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც თან ახლდა ერთი ქართველი და სამოქალაქოტანსაცმლიანი ორი რუსი.

კაკაშვილმა, თამაზ ბეგიაშვილმა და ყოფილმა ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა დათო ჯარმელიშვილმა ოქრუაშვილს ქართული პოლიციის  საგუშაგოების კოორდინატები გადასცეს. კაკაშვილის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი 200 რუსი სპეცრაზმელით შემოსვლას აპირებდა. დაგეგმილი იყო ერთ-ერთ საგუშაგოზე "ზილით" შესვლა.

ამის შემდეგ გორში სპეცრაზმის შენობასა და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოზე თავდასხმას აპირებდნენ. საათაშვილის აღიარებით, "ზილი" მან იყიდა, მანქანის ფული კი "ქართული პარტიის" ოფისში პარტიის წევრ კახა ტერაშვილის ძმისგან, ლევან ტერაშვილისგან მიიღო. "ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა შსს-ს მასალას აბსურდი და ფალსიფიკაცია უწოდა.