საარჩევნო ფულები - კვირის პალიტრა

საარჩევნო ფულები

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის მიხედვით, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოების" მხარდაჭერით ჩატარდა, 2008-2010 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ და მაქსიმუმ 26-ჯერ აღემატება სხვა პარტიების მიერ დახარჯული თანხების ჯამს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ძირითადად იურიდიული, ოპოზიციას კი - ფიზიკური პირები აფინანსებდნენ. კანონის მიხედვით, იურიდიულ პირს 100 ათას ლარზე მეტი შემოწირულობის გაღების უფლება არა აქვს, რათა ამა თუ იმ პარტიაზე გავლენა არ მოიპოვოს.

თუმცა იურიდიულმა პირებმა გამოსავალი იპოვეს (ან აპოვნინეს) - არეგისტრირებენ შვილობილ კომპანიებს და 100-100 ათას ლარს ასე რიცხავენ. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას მმართველი პარტიის ანგარიშზე 500 ათასი ლარი გადაურიცხავს, თუმცა საეჭვოა, რომ ამ და სხვა კომპანიებს "ნაციონალებზე" გავლენის მოპოვება სურდეთ. ალბათ, პირიქით - მათზე დიდი გავლენა რომ აქვს მმართველ პარტიას, იმიტომაც არიან გულუხვები.