ფოტოგრაფების საქმე - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფების საქმე

საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმ-თაიმის" ფოტოკორესპონდენტი ნათია გედენიძე, საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი გია აბდალაძე, ევროპის "პრესფოტო სააგენტოს" ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და სააგენტო "ასოშიეითედ პრესის" ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი, რომელიც დაკავების დღესვე გაათავისუფლეს.

ორი დღის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს ნათია გედენიძეც.

გია აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძესა და ირაკლი გედენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი 1-ელ სექტემბერს გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით ზურაბ ქურციკიძე გრუ-სთან თანამშრომლობდა და მოსკოვში ირაკლი გედენიძისა და გია აბდალაძისგან მიღებულ კონფიდენციალურ დოკუმენტაციას გზავნიდა. გავრცელდა ირაკლი გედენიძის ჩვენებაც, რომელიც ნაწილობრივ ადასტურებს შსს-ს ვერსიას, ქურციკიძე და აბდალაძე კი ბრალს არ აღიარებენ. გია აბდალაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს.