მტკიცებულებები - კვირის პალიტრა

მტკიცებულებები

მთავარმა პროკურატურამ იმ მასალის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სამართალდამცველების აზრით ამტკიცებს, რომ ფოტორეპორტიორები ჯაშუშები იყვნენ. დოკუმენტების დიდ ნაწილში ტექსტი შავი საღებავითაა დაფარული. პროკურატურის მტკიცებით, ირაკლი გედენიძეს აღმოაჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელთა და შპს "სახელმწიფო უზრუნველყოფის" მუშების სრული სია და ინფორმაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის ვიზიტისას გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.

გიორგი აბდალაძისგან კი სამართალდამცველებს ამოუღიათ აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ელდარ მამედიაროვის მიხეილ სააკაშვილთან, ნიკა გილაურსა და გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას სტენოგრაფიული ჩანაწერები და ეუთოში, გაეროსა და ევროსაბჭოში მომუშავე საქართველოს მოქალაქეების სია(?!). Pპროკურატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა ობიექტების სქემაც ამოუღია. სამართალდამცველების ვერსიით, ამ დოკუმენტების ასლები ინახებოდა ზურაბ ქურციკიძესთან, რომელსაც კავშირი ჰქონია გრუ-ს რეზიდენტებთან სერგეი ოკროკოვსა და ანატოლი სინიცინთან. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ნათია გედენიძეზე, რომელსაც სასამართლომ 1,6-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.