მედვედევის ბენეფისი - კვირის პალიტრა

მედვედევის ბენეფისი

ქართულ ტელეარხზე რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ბენეფისი შედგა. რუსეთის პირველ პირთან ინტერვიუსთვის "ეხო მოსკვისა" და "რაშა თუდეისთან" ერთად, ტელეარხ "პიკის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე მიიწვიეს. "რაშა თუდეის" ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე წარადგენდა, "ეხო მოსკვის" კი - ალექსეი ვენედიქტოვი.

55-წუთიან ინტერვიუში მედვედევმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მაგრამ მისი ინტერვიუს მთავარი პერსონაჟი მაინც მიხეილ სააკაშვილი იყო. რუსმა კოლეგამ სააკაშვილს კიდევ ერთხელ დააკისრა პასუხისმგებლობა აგვისტოს ომზე და განაცხადა, რომ საქართველოს პირველ პირს ხელს არ ჩამოართმევს. მედვედევის აზრით, ქართველი პრეზიდენტი მასთან ვალშია, რადგან ჯარი რომ არ შეეჩერებინა, დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდა. სააკაშვილის ბედი ქართველმა ხალხმა ან არჩევნებით, ან ისე უნდა გადაწყვიტოს, როგორც ეს ისტორიაში ხდება.

როგორც ბატონმა მედვედევმა ბრძანა, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნება, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე იქნება შესაძლებელი. რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მხარდამჭერებსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ სულ არ აინტერესებს ის ფორმულირებები, რომლებიც სენატისა და ევროპარლამენტის რეზოლუციებშია დაფიქსირებული (ვრცლად იხ. გვ. 16).