რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

შემოწმების 63-ე(!) დღე

ადმინისტრაციული ჯარიმები საეჭვო საფუძველზე

როგორც ჩვენს ერთგულ მკითხველსა და დაინტერესებულ საზოგადოებას დავპირდით, განვაგრძობთ მოკლე ცნობების მოწოდებას "მედიაპალიტრაში" მიმდინარე ფინანსური აუდიტის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში განაგრძობს ფინანსური დოკუმენტაციის რევიზიას. შემოწმება, რომელიც 29 ივლისს უნდა დასრულებულიყო, 1 თვით, 29 აგვისტომდე გაგრძელდა. მაკონტროლებლები დოკუმენტაციას სკრუპულოზურად სწავლობენ. ბოლო დროს იყო შემთხვევები, როდესაც ეშხში შესულმა რევიზორებმა ისეთი დოკუმენტაციაც კი მოითხოვეს, რომლის წარმოება ამა თუ იმ კომპანიას არათუ არ ევალება, არამედ საერთოდაც არ ეხება და შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია მას ასეთი საბუთები გააჩნდეს. მსუბუქად რომ ითქვას, გაუგებარია, რომ ასეთი დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" თანამშრომლებს რამდენიმეასეულლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმები გამოუწერა.

შოთა ღვედაძე, "მედიაპალიტრის" იურისტი: "იმედი მაქვს ასეთი არაობიექტური მიდგომა კონკრეტული რევიზორების ზედმეტი თავგამოდების მიზეზით ხდება და არა მათი ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებით. ჩვენი აზრით, ადმინისტრაციული ჯარიმები უსაფუძვლოდ დაგვარიცხეს და მათ სავარაუდოდ გავასაჩივრებთ".