"რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს"

საქართველოს პრეზიდენტის თქმით,  ტალიავინის საგამოძიებო მისიის დასკვნა საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო

სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს. პირველად საერთაშორისო ავტორიტეტულმა კომისიამ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსა და "დიდი რვიანის" წევრმა სახელმწიფომ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და ეთნიკური წმენდა ჩაატარა. რუსეთის განცხადებები, რასაც საქართველოსთან ომის დაწყების გასამართლებლად იყენებდა, ბლეფი აღმოჩნდა. კერძოდ, არ არსებობს რუს სამშვიდობოებზე ქართული მხარის თავდასხმის არც ერთი ფაქტი, რეგიონში იმყოფებოდნენ არა რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეები და ადგილი არ ჰქონია ოსი ეროვნების მოქალაქეთა გენოციდს. პრეზიდენტის განცხადებით, არიან პირები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო მაინც დამნაშავეა, რადგან გაისროლა.

"ვინც არ გაისროლა, ისინი რუკიდან გაქრნენ. როცა ავღანეთში საბჭოთა კავშირი შევიდა, თავიდან ავღანეთმა წინააღმდეგობა არ გაუწია და ახლა რა მდგომარეობაშია, ყველამ კარგად იცის. ჩეხოსლოვაკიაში შევიდა და 20 წლით ჩამოაცილა იგი მსოფლიო განვითარებას. ფინეთმა კი გაისროლა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. საქართველოს ისტორიული გამოცდილება ამბობს, რომ როდესაც მტერი შენს ტერიტორიაზე გადმოდის, წინააღმდეგობა უნდა გაუწიო, როგორც ეს გააკეთეს ფინელებმა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები დაკარგული არ არის, ისინი დროებით არის რუსეთის კონტროლქვეშ და აუცილებლად დაბრუნდება.