რექტორი ყალბი დიპლომების გაცემას უარყოფს - კვირის პალიტრა

რექტორი ყალბი დიპლომების გაცემას უარყოფს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა ყალბი დიპლომების გაცემას უარყოფს. მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ

სიუჟეტზე განმარტება გააკეთა და უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალში ყალბი დიპლომების გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

რექტორის თქმით, ქვემო ქართლის ფილიალი 2007 წლის სექტემბერში რეორგანიზაციის გამო გაუქმდა, ხოლო იქ არსებული დოკუმენტაციის მოკვლევისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიამ ფილიალში არაერთი დარღვევა გამოავლინა.

ხუბუას ინფორმაციით, ლაპარაკი იყო 11 ფაქტზე, რომლებიც სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა. ამ ფაქტებით გენპროკურატურაც დაინტერესდა და გამოძიება დაიწყო.

როგორც გიორგი ხუბუა აცხადებს, უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალს 2007 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომი არ გაუცია. "სიუჟეტში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტი, რომლებიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გაუგზავნა საქმით დაინტერესებულ შესაბამის უწყებებს. გავრცელებული ინფორმაცია უნივერსიტეტისათვის პრესტიჟის შემლახველი იყო"'', - განაცხადა ხუბუამ.