დაკავებული სამი ქართველის ბედი ჯერ კიდევ უცნობია - კვირის პალიტრა

დაკავებული სამი ქართველის ბედი ჯერ კიდევ უცნობია

რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოსმა სამართალდამცავებმა სამი ახალგაზრდა - ძმები 21 და 23 წლის შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი დააკავეს.დაკავებულები ახალგორის პოლიციის იზოლატორში სამი დღე ჰყავდათ, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მათ საქმეს სასამართლო განიხილავს. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, შოთა, გიგა და ელიზბარ ბზარაშვილები ორშაბათს, 22 აგვისტოს, დილის ექვსის ნახევარზე სანადიროდ წავიდნენ სოფელ ძალისიდან წითელუბნის მიმართულებით. თან ჰქონდათ სამი თოფი, სამივე გაფორმებული და ნადირობის ნებართვაც. დღის 12:00 საათიდან ახლობლებმა მათ ტელეფონებზე რეკვა დაიწყეს, თუმცა დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, საღამოს კი დაკარგულების ძებნა დაიწყეს.

მაია ხატისაშვილი, შოთა და გიგა ბზარაშვილების დედა: "ჩემი შვილები და მაზლი ელიზბარ ბზარაშვილი "ოპელის" მარკის ავტომობილით წითელუბანში სანადიროდ გაემგზავრნენ. წითელუბანი ძალისიდან ნახევარი საათის სავალზეა. სხვათა შორის, წითელუბანში სანადიროდ გასულ წელსაც იყვნენ, მაგრამ პრობლემა არ შექმნიათ. დღის 12 საათზე მათ ტელეფონით ვეღარ დავუკავშირდით, სავარაუდოდ, უკვე დაკავებული ჰყავდათ. საღამოსაც რომ არ გამოჩნდნენ, მათი ძებნა დავიწყეთ. წითელუბნის ქართულ საგუშაგოზე სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელსაც პოლიციელები აწარმოებენ, აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ ჩემი შვილის ავტომობილმა ნამდვილად გაიარა საგუშაგო, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. ქართველმა სამართალდამცავებმა გვითხრეს, ჩანს, ისინი რუსმა მესაზღვრეებმა აიყვანეს, ახლა გვიანია, სიბნელეში ვერ ვიმუშავებთ, რადგან შეიძლება სროლა დაიწყონ და ხვალ დილიდან მოვძებნითო. მეორე დღეს კი გვითხრეს, ავტომობილის ნაკვალევსაც ვერსად მივაგენითო. შემდეგ უკვე გორის რაიონის კრიმინალურ პოლიციას შევატყობინეთ, რომ გამოძიება დაეწყოთ. რამდენიმე საათში გორის რაიონის სამართალდამცავებმა შეგვატყობინეს, რომ ისინი ახალგორში, წინასწარი დაკავების საკანში ჰყოლიათ. ამის შემდეგ ძაღლები, რომლებიც ჩემს შვილებს ნადირობისას თან ჰყავდათ, დაგვიბრუნეს. ხუთშაბათს დილით დაკავებულები უკვე ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას შეუფარდებენ "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთისთვის. ესეც მხოლოდ ვარაუდია და დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ ვიღებთ".